საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტის ახალ რედაქციას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილების თანახმად, სკოლაში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებით წელსვე 2 540 ბავშვი ისარგებლებს.
იქიდან გამომდინარე, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, აღნიშნული ცვლილებმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, სკოლაში შესვლის ზღვარის პირველ ოქტომბრამდე გადაწევა რეფორმის მხოლოდ პირველი ეტაპია. დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული ზღვარის 31 დეკემბრამდე გადაწევა იგეგმება, რასაც გიორგი ამილახვრის განმარტებით, 2-3 წელი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული კანონმდებლობით, პირველ კლასში რეგისტრაცია მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღის ჩათვლით (15 სექტემბერი) უსრულდებოდათ.