გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, ცნობილი აგრონომის, სოფლის ბოლო მებატონის, მიხეილ ერისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.
როგორც „გორის მაცნეს“ საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ახლოურმა განუცხადა, ღონისძიება იმ ტერიტორიაზე იმართება, სადაც მიხეილ ერისთავის ოჯახი ცხოვრობდა. ღონისძიებას საქართველოს მწერალთა კავშირი და ჩოხოსანთა საზოგადოების გორის სადროშო ერთობლივად გამართავს და როგორც ცნობილია, მასში მწერალ-შემოქმედ გორელებთან ერთად, კარალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
ახლოურის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა გაერთიანდეს და მოხერხდეს, რომ დავიწყებას არ მიეცეს არც ის სასახლე და არც ღვაწლი, რომელიც ერისთავების ოჯახს მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე.
„საქართველოს მწერალთა კავშირი და ჩოხოსანთა საზოგადოების გორის სადროშო ერთობლივ ღონისძიებას ვატარებთ, რომელიც მიეძღვნება კარალეთის ბოლო მფლობელის, ბოლო მებატონის, მიხეილ რევაზის ძე ერისთავის ხსოვნას. მიხეილი იყო მართლაც დიდი მამულიშვილი, განსაკუთრებული მოღვაწე, განსაკუთრებული ქართველი და სიმბოლურად, სწორედ ქართული ენის დღეს გადავწყვიტეთ მისი ხსოვნისთვის მიგვეგო პატივი. ღონისძიების ფარგლებში დღეს, კარალეთის ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელ პარაკლისსაც აღვავლენთ.
მიხეილ ერისთავი ცნობილი აგრონომი იყო, მან არა ერთი ხე-ხილის ჯიში, საქონლისა თუ ფრინველთა ჯიში გამოიყვანა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა სოფლის მეურნეობა არა მარტო კარალეთში, არამედ გორის რაიონში.
მისი მეუღლე გახლდათ ელენე საგინაშვილი, გენერალ-მაიორ ივანე საგინაშვილის ქალიშვილი. ეს ქალბატონი იყო ფრიად განსწავლული და სასახლე, სადაც ცხოვრობდნენ, ფაქტობრივად, იყო შიდა ქართლში კულტურის კერა, კუტურის ცენტრი, რადგან იქ ხშირად იმართებოდა სალონური საღამოები. ამასთან, ერისთავებს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ და ამ წიგნებით სარგებლობდა არა მარტო ოჯახი, არამედ მთელი ქართული არისტოკრატია, ვინც წერა-კითხვა იცოდა და უცხოური ლიტერატურის გაცნობა შეეძლო, ანუ სიცოცხლე ჩქეფდა მათ სახლში. თვითონ ელენე საგინაშვილი იყო ძალიან კარგი მუსიკოსი, უკრავდა ბეთჰოვენს, მოცარტს, ბახს და მათი ოჯახიდან მუდმივად ისმოდა მუსიკის ჰანგები.
მოკლედ, ძვირფასი, ინტელიგენტი ოჯახი ჰქონდათ ერისთავებს და რაც ყველაზე მთავარია, ბევრს ზრუნავდა იგი თავის გლეხობაზე და ამის დამადასტურებელი არაერთი ჩანაწერია შემორჩენილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ რეპრესიების დროს, როდესაც საბჭოთა ხელსუფლება დამყარდა, 1924 წელს, მიხეილ ერისთავი თავის შვილთან ერთად მოკლეს.
ცნობილია, რომ როდესაც სიტუაცია დაიძაბა, მიხეილ ერისთავი ოჯახთან ერთად თავის ძმასთან, შალვასთან გადავიდა ოძისში, მაგრამ მიხეილის ქალიშვილის ქორწილის დღეს წითელარმიელებმა წამოიყვანეს ერისთავი უმცროს ვაჟთან ერთად და ტირიფონის ვაკეზე, კოდისწყაროსთან მოკლეს შვილთან ერთად. მიხეილი მიხვდა, მოკვლას რომ უპირებდნენ და ასეთი რამ სთხოვა, ოღონდაც ჩემი შვილის სიკვდილს ნუ მაყურებინებთ, ჯერ მერ მომკალითო. მაგრამ ძალით აყურებინეს შვილის წამებას, მისი შვილი წამებით მოკლეს და შემდეგ მიხეილი დახვრიტეს.
სხვათა შორის ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, ცუდად ამთავრებს თავის სიცოცხლეს, ერთმა თავი ჩამოიხრჩო, მეორე გაგიჟდა, მესამე კი დახვრიტეს და ასე დასრულდა მათი ცხოვრება.
ამის შემდეგ, მიხეილის მეუღლე, ელენე, თბილსში გადავიდა თავის დასთან. მატერიალურად საკმაოდ უჭირდა და ამის გამო დაიწყო კინოში მუშაობა. გასულ საუკუნეში მუნჯი ფილმები რომ იყო, ამ ტიპის ფილმებს უწევდა მუსიკალურ აკომპანიმენტს და ამით ირჩენდა თავს.
კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა ამ ოჯახთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი ვერსია, რომ გალაკტიონმა, ცნობილი ლექსი - „გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები“, მიუძღვნა მიხეილის უფროს ქალიშვილს, ეკატერინეს.
გვინდა, რომ რაღაცნაირად ყურადღება მიექცეს ამ დიდებულ ისტორიას, დამერწმუნეთ, ის ხალხი იმსახურებდა, რომ დღეს მაინც მივაქციოთ ყურადღება. მინდა, ყველა გავერთიანდეთ და ეს ეროვნული საქმე გაეკთდეს, რომ დავიწყებას არ მიეცეს არც ის სასახლე და არც ის ღვაწლი, რომელიც ამ დიდ ოჯახს მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე“, - აღნიშნა დავით ახლოურმა.