2020 წლის 1 იანვრიდან, საკარმიდამო მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი გამარტივებული წესი ახალი წლიდან შევა ძალაში და უვადოდ იმოქმედებს.
კერძოდ, მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით.
„მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში“ - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირდა 751 000-ზე მეტი განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.