იაკობ გოგებაშვილის სახელობის ვარიანის სახლ-მუზეუმი, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიებით მასპინძლობს. როგორც „გორის მაცნეს“ სახლ-მუზეუმის დირექტორმა, ნათია ადუაშვილმა განუცხადა, სპეციალურად ამ დღისთვის, დაწესებულების ვიზიტორებისთვის რამდენიმე აქტივობაა ჩანიშნული.
„ერთ-ერთი ასეთი შეთავაზება, რომელიც სტუმრებისთვის დავგეგმეთ ისაა, რომ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, იქ, სადაც, იაკობმა გახსნა პირველი სკოლა, საშუალება ექნებათ ჩაატარონ გაკვეთილი. გარდა ამისა, ცხადდება კონკურსი ხატვაში. კონკურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დახატონ და გამოგვიგზავნონ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან - „იავნანამ რა ჰქმნა“ სიუჟეტი. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სიგელი და ამასთანავე, შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მოინახულოს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. რაც შეეხება სამუზეუმო სივრცეში მოქმედ გამოფენას, 14 აპრილს, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში დაათვალიერონ იაკობის მიერ სხვადასხვა წლებში გამოცემული „დედა ენა“, - აღნიშნა ნათია ადუაშვილმა.
მუზეუმის დირექტორის თქმით, ამ წუთებში, იაკობის მიერ დაფუძნებულ პირველ სკოლაში, გაკვეთილის ჩასატარებლად ქუთაისის და ქარელის სკოლები ემზადებიან.