საზოგადოება
14.04.2022 10:51
საქართველოს თვითმყოფადობას, ისტორიულ მეხსიერებას, პატრიოტულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას ქართული ენა აერთიანებს - პრემიერი

თითოეული ჩვენგანის ვალია, განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყრათ მშობლიურ ენას, შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ეს ჭეშმარიტი საგანძური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქართველებისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი.

„ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. საქართველოს თვითმყოფადობას, ისტორიულ მეხსიერებას, პატრიოტულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას სწორედ ქართული ენა აერთიანებს. ჩვენი ერისათვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი - ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე. ჩვენმა გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს, არამედ სხვა რესპუბლიკების ენებსაც შეუნარჩუნა სახელმწიფო სტატუსი. წელს სახელმწიფო ენის დღეს განსხვავებულად აღვნიშნავთ. საქართველოს მთავრობის დამტკიცებული სახელმწიფო ენის ათწლიანი პროგრამით ჩამოყალიბდა სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ახალი მიზნები და ის პირობები, რომლებიც ამ ამოცანის მისაღწევად იქმნება. ათწლიანი სტრატეგია ხელს შეუწყობს როგორც ქართული და აფხაზური ენების კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების უკეთ შესრულებას, ისე ქართველური ენების დაცვას, კვლევასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას. თითოეული ჩვენგანის ვალია განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყრათ ენას და შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ეს ჭეშმარიტი საგანძური“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.

კვირის ამბები