საზოგადოება
13.04.2022 15:57
გასულ წელთან შედარებით, ყველაზე მეტად ტრანსპორტი, პროდუქტი და უალკოჰოლო სასმელები, სასტუმრო, კაფე რესტორნები და ხელოსნების მომსახურება გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს აქვეყნებს. უწყებამ წარმოადგინა სხვადასხვა პროდუქტზე ფასების ინდექსი როგორც გასულ თვესთან, ისე გასულ წელთან შედარებით. ჩამონათვალში მოხვდა სურსათი, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი, საოჯახო ნივთები, ჯანმრთელობა, ტრანსპორტი, გართობა-დასვენება, განათლება, სასტუმროები, კაფე-რესტორნები, ასევე, საცხოვრებელ სახლში სათბობი და სხვა ენერგეტიკული სახეები (წყალი, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი...).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, გასული თვის ფასებთან შედარებით, ყველა სახის პროდუქციაზე, საშუალოდ, 2,6 პროცენტული მატება ფიქსირდება. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტად ტრანსპორტით სარგებლობა გაძვირდა - 10,1 %. ასევე, მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურება - 3,6 %. როგორც ჩანს, საკმაოდ გაძვირდა ხელოსნის მომსახურება და 2,7 % შეადგინა. ყველაზე ნაკლები ფასნამატი - 0,4 % ფიქსირდება კავშირგაბმულობაში.

რაც შეეხება მიმდინარე წელს და 2021 წლის იგივე პერიოდს, წლევანდელი მარტის მონაცემებით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანსპორტით სარგებლობაზე გაძვირების მაჩვენებელმა 21,2 % შეადგინა. 16,9 %-ით მოიმატა ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასლემებზე. 13,2 %-ით გაძვირდა საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა-პატრონობისთვის ხელოსნის მომსახურება. რაც შეეხება სასტუმროებს, კაფეებს და რესტორნებს, ფასის მატებამ 12,3 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ყველაზე ნაკლები პროცენტით - 1,2 %-ით არის გაძვირებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯანმრთელობის დაცვა და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული მომსახურებები, წელს, შარშანდელთან შედარებით, 3,7 %-თ არის გაძვირებული.

კვირის ამბები