გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „გარემოსდაცვითი განათლების როლი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში“. ღონისძიება დედამიწის დღის აღსანიშნავად დაიგეგმა და მონაწილეებს, საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ვადა 19 აპრილს ეწურებათ.
კონკურსის პირობების მიხედვით, აქტივობაში მონაწილეობა შეუძლია მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. როგორც ცნობილია, კონკურსში ჩართვა შეეძლება აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის იმ მოსწავლეებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან, ვინც დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით, იაზრებს გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას და ჩართულია გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში.
რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას: თემასთან შესაბამისობა; გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა; საკუთარი/ორიგინალური მოსაზრებების ჩამოყალიბება, ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება; აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი; ტექსტი გამართული უნდა იყოს გრამატიკულად.
გარდა ამისა, ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს WORD-ის ფაილის სახით (შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1.15); ესსეს მოცულობა - 500-1000 სიტყვამდე (2-3 გვერდი); ესსეში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.
ესსეს ელექტრონული ვერსია (Word-ის დოკუმენტი) აპლიკანტმა უნდა გააგზავნოს შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge, სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „ესსეების კონკურსი“. ნაშრომის წარდგენის საბოლოო თარიღია 19 აპრილი.
საკონკურსო ნამუშევრები შეფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აერთიანებს.