1-ლიდან 12 აპრილის ჩათვლით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით შიდა ქართლში 296 პირი აიცრა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა განუცხადა.
ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამცრელ პუნქტებს ძირითადად ის პირები მიმართავენ, ვისაც ფინანსური წახალისების ინტერესი აქვს.
,,კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყველა პუნქტი კვლავ მოქმედებს რეგიონში, ცვლილება მხოლოდ ის გახლავთ, რომ აცრები ტარდება სამუშაო დღეებში - შაბათ-კვირის გარდა. რაც შეეხება მომართვიანობას, 1-ლიდან 12 აპრილის ჩათვლით, რეგიონში აიცრა 296 პირი, მათი უმრავლესობა ვაქცინაციის გადაწყვეტილებას იღებს ფინანსური წახალისების პროგრამის გამო. რაც შეეხება რეგიონის სრულ სტატისტიკას, მთლიანობაში, შიდა ქართლში მცხოვრები 254 81 პირიდან, 50 წლის და მეტი ასაკის 92 255 პირია აცრილი; 1 დოზით ვაქცინირებულია 38 716 მოქალაქე; სრულად აცრილია 34 844 ადამიანი; მესამე, ანუ ბუსტერ ვაქცინაცია ჩატარებული აქვს 8 147 პირს; 4 დოზით აცრილია 9 მოქალაქე;
პროცენტულად ეს ციფრები ამგვარად გამოიყურება - მინიმუმ 1 აცრა ჩატარებული აქვს რეგიონის მოსახლეობის 42%-ს; სრულად ვაქცინირებულია 37,8%; ბუსტერი - 8,8%“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსური წახალისების სანაცვლოდ, 8 ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 246 819 მოქალაქე აიცრა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის ფინანსური წახალისების პროგრამის მოქმედების პერიოდში, 50 და 60 წელს გადაცილებულ ვაქცინირებულ პირებზე გაიცა 40 679 400.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 30 აპრილამდე გრძელდება.