პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც „112“-ის მომსახურების ყოველთვიური საფასურის დადგენას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ყოველთვიური სახდელის ზუსტი ოდენობა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრა 112-ის მომსახურების საფასურის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა: „112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი. მომსახურების კონკრეტული საფასური, საფასურის გადამხდელი პირების წრე და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. ამავდროულად, ცვლილებების შემდეგ, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის ოდენობა ერთნაირი იქნება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 50 თეთრი. ზემოხსენებული ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.