12 აპრილს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „საერთაშორისო ავიაციისა და კოსმონავტიკის დღე აღინიშნება“.
ზუსტად 61 წლის წინ, 1961 წლის 12 აპრილს, რუსი კოსმონავტი იური გაგარინი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში ხომალდ „ვოსტოკ 1“-ით გაფრინდა.
მან, დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში, კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით 1 საათსა და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა.
როგორც ცნობილია, მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა.
თუმცა, ვიდრე გაგარინი კოსმოსში წარმატებულ გასვლას შეასრულებდა, როგორც მეცნიერებაში ხშირად ხდება ხოლმე, კოსმოსში გასაფრენად საჭირო რაკეტათა ძრავების პირველადი დიზაინი, მე-20 საუკუნეში ერთსა და იმავე დროს შექმნეს სამ სხვადასხვა ქვეყანაში, სამმა სხვადასხვა მეცნიერმა: რუსეთში — კონსტანტინ ციოლკოვსკიმ, აშშ-ში — რობერტ გოდარდმა და გერმანიაში — ჰერმან ობერტმა.
1930-1940-იან წლებში, ნაცისტურმა გერმანიამ მხოლოდ დიდმანძლიანი რაკეტების სამხედრო იარაღად გამოყენების შესაძლებლობა განავითარა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა კი, საკუთარი სარაკეტო პროგრამები შექმნეს. 1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა პირველი ხელოვნური თანამგზავრი, სპუტნიკ 1. ოთხი წლის შემდეგ, 1961 წლის 12 აპრილს, საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გავიდა ხომალდ ვოსტოკ 1-ით. ფრენა 108 წუთს გაგრძელდა და გაგრინმა 327 კმ სიმაღლეს მიაღწია.
რაც შეეხება აშშ-ს, მისი პირველი თანამგზავრი, Explorer 1 ორბიტაზე 1958 წლის 31 იანვარს გავიდა. 1961 წელს, ალან შეპარდი პირველი ამერიკელი გახდა, რომელიც კოსმოსშ გაფრინდა. ერთი წლის შემდეგ კი, 1962 წლის 20 თებერვალს, ჯონ გლენი პირველი ამარიკელი გახდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გავიდა.