საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ რიგით 106-ე შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა აღდგომის სადღესასწაულო დღეებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 106-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხი. ასევე, მკაცრად მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ყველა სხვა ინციდენტს, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა 2022 წლის 7 ივნისს გაიმართება.