საზოგადოება
12.04.2022 14:50
უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა

საქართველომ უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა და ოფიციალური მონაცემებით, 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, - შესაბამის მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა „Ukrposhta“ აქვეყნებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველო, ასევე, დასახელდა იმ 14 ქვეყანას შორის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან.  

უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს და ინფომაციის მიხედვით, საქართველოს შემდეგ, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინისთვის 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით, მეორე ადგილზეა რუმინეთი, ხოლო მესამე ადგილზე - ბელგია (40 ტონა ტვირთით).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები გააგზავნა. ცნობისთვის, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე პრემიერის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულისა და ადგილობრივი მთავრობის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ. აღნიშნულ ჰუმანიტარულ აქციაში გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოსთან ერთად, ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოებაც, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები.

კვირის ამბები