საზოგადოება
12.04.2022 12:47
თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაუდგენელმა პირებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს, მერია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საერთო ქონებას

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ საერთო ქონებას და არ დააზიანონ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, თამარ მეფის მეხუთე კვარტალში, მე-13 კორპუსის მიმდებარედ არსებული დასასვენებელი და სპორტული სივრცე, რომელსაც რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა, დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს. ანალოგიურ მდგომარეობაშია ლოკაციაზე არსებული ატრაქციონები, სკამები და სკვერის მიმდებარედ არსებული კალათბურთის მოედანიც.

„სამწუხაროა, მაგრამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. მერიის მხრიდან უამრავი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად,  მოქალაქეების ნაწილი კვლავ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით გამოირჩევა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მიმართ.

გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ნუ დააზიანებთ გარემოს და გაუფრთხილდით საერთო სარგებლობის ტერიტორიებს“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები