საზოგადოება
11.04.2022 16:36
გორში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა - კურთხევით, აღდგომის წინა დღეს, 23 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მოხალისეების და გორის ტურიზმის ცენტრის დახმარებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან)  სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც  ეხერხება ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ქსოვა, ქარგვა, რეწვა, სამკაულების დამზადება ან აცხობენ პასკებს, ამზადებენ საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, ჯემებს, კომპოტებსა და მურაბებს, მარინადებს, სუფთა თაფლს, საოჯახო ღვინოს და ა.შ.

„სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ იმ პირებსაც, ვისაც სახლში მოგეპოვებათ ორი ერთნაირი სააღდგომო ნივთი, აქსესუარი, მისალოცი ბარათი. ასევე თქვენც - ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის მქონეთ, რომელიც აღარ მოგწონთ, ან პირიქით - ძალიან მოგწონთ და გემეტებათ სხვისთვის, ან სულაც გსურთ, რომ მას ახალი პატრონი გამოუჩდეს (შესაძლოა წლების მანძილზე სახლში გედოთ რაიმე ნივთი, რომელსაც არ იყენებთ, ვიღაც კი, სწორედ ამ ნივთს წლებია ეძებს და არაა გამორიცხული, ჩვენს ბაზრობაზე შემთხვევით თქვენც იპოვოთ სასურველი რამ)... ყოველ ნივთს თუ ნაწარმს გაყიდით სიმოლურ ფასად, რა თქმა უნდა, თავადვე მიიღებთ ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებთ შესაწირს (სკვერის ცენტრში დაიდგმევა ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ დავეხმარებით გორში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს“, - აცხადებენ გორისა და ატენის ეპარქიაში. 

ორგანიზატორების თქმით, ყველა მონაწილე ვალდებულია, ღონისძიებაზე ეკეთოს პირბადე და დაიცვას 2 მეტრის დისტანცია მეორე მონაწილისაგან.

უფრო დეტალური ინფორმაციისათვის კი, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 598 11 88 50 

კვირის ამბები