საქართველოს მთავრობამ, დღევანდელ სხდომაზე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა. 25 გვერდიანი დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა. პროცესში, ასევე, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და ამ თემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები.
სტრატეგიის შემუშავებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დაინტერესებულ პირთა ჩართულობას დაეთმო. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე საჯარო განხილვაც მოეწყო, მათ შორის რეგიონებშიც. ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ პრაქტიკოსი ფერმერები, მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების ანალიზის, განხორციელებული პროგრამების, რეფორმების შედეგების და ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე. სტრატეგიაში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და სექტორული თუ მულტისექტორული განვითარების მიმართულებები, რომლებიც კავშირშია სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან“, - ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.