საზოგადოება
11.04.2022 11:40
ბზობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია და 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

„ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს; თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები