პროექტის - „განათლება ციფრულ ეპოქაში“ - ფარგლებში ჩატარებული კონკურსის, „გააზიარე ცოდნა“ გამარჯვებულები დასახელდა. როგორც ცნობილია, პრიზიორები კომპეტენტურმა ჟიურიმ (გიგი თევზაძე, გოდერძი შარაშია, ნატო ინგოროყვა, გიორგი გახელაძე, ცირა ქობულაძე, მეგი კავთუაშვილი) გამოავლინა. ფინალი გუშინ გაიმართა და კონკურსის გამარჯვებულთა შორის პირველი ადგილი ხიდისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, მიმოზა ღოლიჯაშვილმა დაიმსახურა.
ცნობისთვის, აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულთა სამეული ასე გამოიყურება: I პრემია - 1000 ლარი - მიმოზა ღოლიჯაშვილი;
II პრემია - 500 ლარი - სალომე მიქაძე;
III პრემია - 500 ლარი - მიხეილ აბულაძე, შორენა ქადიძე.
ამასთანავე, დასახელდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში: სპეციალური პრემია - თინა ძულიაშვილი (დააწესა ხაშურის საკრებულომ, გადასცა ნინო ლიპარტელიანმა). გარდა ამისა, შემოქმედებითი ვიდეო-გაკვეთილისთვის დაჯილდოვდნენ: ინგა მეტონიძე, რუსუდან კაკაჩია, სოფიო გოჩელაშვილი, სტელა ბერიაშვილი, სალომე ასამბაძე.
პროექტის მენეჯერი და პრემიების დამფუძნებელი ექიმი-კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი გახლავთ, რომელიც კოლეგებთან ერთად, უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინაში მოხალისე ექიმად წავიდა და უკრაინელ მოქალაქეებს ეხმარება. რამაზ ზოსიაშვილი პროექტის ფინალურ ღონისძიებას სწორედ უკრაინიდან, ონლაინ რეჟიმში ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი ორიენტირებულია ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, დაეხმაროს პედაგოგებს შემოქმედებით განვითარებაში. პროექტის მონაწილეები, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად ეცნობიან სამეცნიერო კვლევებსა და სწავლებაზე დაფუძნებულ გამოცდილებებს. როგორც ცნობილია, პროექტის მე-2 სეზონის მონაწილეთა შერჩევა უკვე დასრულდა და აქტივობები 16 აპრილს დაიწყება.