საზოგადოება
11.04.2022 09:54
გარკვეული მედიკამენტების შეძენა დღეიდან მხოლოდ რეცეპტის საფუძველზეა შესაძლებელი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 11 აპრილიდან, გარკვეული მედიკამენტების შეძენა მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ჯანდაცვის უწყების ცნობით, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების მიწოდების მიზნით, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმა ხორციელდება, რომლის მიხედვითაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს.

როგორც ცნობილია, დღეიდან, გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. მოქალაქე კი, თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს.

ცნობისთვის, სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.

გარდა ამისა, დღეიდან შედის ძალაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სიახლეა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესშიც. ფორმაN2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

კვირის ამბები