ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპერეზიდენტო არჩევნები დასრულდა, თუმცა, დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სავარაუდოდ, ,,არჩევნების“ მეორე ტური გაიმართება პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერს, ალან გაგლოევს და ამჟამად მოქმედ ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 აპრილს, „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ „ამომრჩეველთა აქტივობამ“ 82.07 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, წარდგენილი 17 განაცხადიდან, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ 5 კანდიდატი დაარეგისტრირა: ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, დე ფაქტო საპარლამენტო ფრაქციის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი გარი მულდაროვი და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ პლიევი. მოხსნილი კანდიდატებიდან ხუთმა მათგანმა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა შედეგი არ შეცვლილა.
დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველის, ანატოლი ბიბილოვის მთავარ კონკურენტად თავდაპირველად მოიაზრებოდა ასევე დე ფაქტო ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, თუმცა, კოკოითს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა დე ფაქტო რესპუბლიკაში მუდმივი საცხოვრებელი ცენზის დარღვევის გამო.