საზოგადოება
19.12.2019 16:12
„უფრო მეტი ადამიანი მიიღებს სესხს“ - რა ცვლილებებია დაგეგმილი საბანკო რეგულაციებში

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. ფიზიკური პირების დაკრედიტების სისტემაში შესაბამისი ცვლილებები, სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. ცვლილების შემდეგ კი, მხოლოდ ორი კატეგორია დარჩება. სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალიც 1000-დან 4000 ლარამდეა - მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ, ამასთან, რეგულაციების გამარტივების შემდეგ, სესხს უფრო მეტი ადამიანი მიიღებს.

ძნელაძის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებების საბოლოო ვარიანტი ჯერჯერობით შემუშავებული არ არის: „ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან არის გარკვეული რეკომენდაციები და ხედვები, თუ რა მიმართულებით შეიძლება გამარტივდეს რეგულაციები. ეს იქნება ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის, ერთ-ერთი შეეხება სესხის ხელფასთან თანაფარდობის კოეფიციენტს, თუმცა, ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესში ვართ და დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ცნობილი არაა“, - განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

კვირის ამბები