„ჩემი შვილი ვიპოვეთ“, - ამის შესახებ 2004 წელს, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიიდან გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძემ განაცხადა. ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცხედრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა, იდენტიფიცირებაზე ჯერ არაფერი თქმულა. უწყების ცნობით, ნაპოვნია ერთი პირის ცხედარი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორრმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ბერძნიშვილების ოჯახს 2018 წელს, გორში მოკლული ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე უვადოპატიმრობამისჯილმა იაგო ნებიერიძემ აცნობა.
„ბერძნიშვილების ოჯახს ჩემმა შვილმა ციხიდან მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, სად იყო ბავშვის ცხედარი, მაგრამ ამბობს, რომ ბავშვის გაუჩინარებასა და მკვლელობაში მას ბრალი არ მიუძღვის, დაინახა და ინფორმაცია ჰქონდა ცხედრის ადგილსამყოფელზე“, - განაცხადა მსჯავრდებული იაგო ნებიერიძის დედამ, ნუნუ გრიგალაშვილმა.
11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის 1-ელ ნოემბერს, გორში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ცხედრის კვალს ვერ მიაგნეს. 11 წლის ბიჭის გაუჩინარების დროს, ბერძნიშვილების ოჯახში ავტოფარეხის მშენებლობაზე 20 წლის იაგო ნებიერიძე მამასთან ერთად მუშაობდა.
იმჟამად, ერთ-ერთი მთავარ ვერსიად განიხილებოდა მოსაზრება, რომ 11 წლის ბიჭი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. მოგვიანებით, სწორედ ფულის გამოძალვის ბრალდებით, როგორც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, იაგო ნებიერიძე დააკავეს. ნებიერიძეს ბავშვის გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობაზე ბრალი არ დაუმტკიცდა დ მან სასჯელი მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა.
ზაქრო ბერძნიშვილის საქმის გამოძიება 2018 წელს განახლდა, როცა 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობასა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ განაცხადა, რომ წლების წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი იცოდა. ნებიერიძემ კონკრეტული ადგილიც დაასახელა - ახალბაღი, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, თუმცა, სამართალდამცავებმა ცხედარს ვერ მიაკვლიეს.
2019 წლის 27 მაისს, ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო დ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.