73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის გორელი ძიუდოისტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დიდებში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, საქართველოს ნაკრებში ადგილს იმკვიდრებს და აგერ, პირველი დიდი წარმატებაც მოიპოვა.
გრანდ სლემი ძიუდოში საკმაოდ პრესტიჟული შეჯიბრებაა და მისი მოგება ძალიან რთულია. ტერაშვილმა ანტალიაში ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ნახევარფინალსა და ფინალში მის მიერ მოგებული შეხვედრებია, სადაც გიორგიმ ჯერ ყაზახ ჟანსეი სმაგულოვს სძლია, ოქროს მედლისთვის ჭიდილში კი, მსოფლიოს ჩემპიონის და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მფლობელის - იტალიელი ატილიო ლომბარდოს ბარიერიც გადალახა.
ტერაშვილი გორის ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ აღზრდილია და მისი მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი გახლავთ.
ანტალიაში, ვერცხლის მედალი 90 კგ-ის ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ დაისაკუთრა. საქართველოს ნაკრების და ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის“ ფალავანმა გრანდ სლემზე 4 შეხვედრა დაასრულა წარმატებით, ფინალში კი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ კუბელ სილვა მორალესთან წააგო.