შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს დასაზოგადოების წარმომადგენლები გორში, 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირებმა მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
მადლობა მათ თავისუფლებისთვის, ყოველთვის გვემახსოვრება და პატივს მივაგებთ მათ სახელებს, ეს დღე ჩვენი ქვეყნის სიძლიერესთან ასოცირდება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა.
,,ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა დღევანდელი თარიღი. სამწუხაროდ, 33 წლის წინ, ამ დღეს, ჩვენი ქვეყნის 21 გმირი ტრაგიკულად დაიღუპა, ამის მიუხედავად, ეს დღე არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და გაუტეხელობის დღე, მადლობა მათ თავისუფლებისთვის, ყოველთვის გვემახსოვრება და პატივს მივაგებთ მათ სახელებს, ეს დღე ჩვენი ქვეყნის სიძლიერესთან ასოცირდება, თავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა კი კვლავ გრძელდება“, - განაცხადა 9 აპრილის მემორიალთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ეს დღე, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ტრაგიკული დღეა, მაგრამ, ამავდროულად, დამოუკიდებლობის, სიძლიერის და გაერთიანების დღეა, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ აბელ აბესაძემ.
,,33 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ტრაგიკული დღეა, მაგრამ, ამავდროულად, დამოუკიდებლოვბის, სიძლიერის და გაერთიანების დღეა. მინდა, პატივი მივაგო 9 აპრილის გმირებს და ქედი მოვიხარო მათ წინაშე“, - განაცხადა აბელ აბესაძემ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.