ტურიზმი
08.04.2022 16:29
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ტურისტული პოტენციალის სიღრმისეული შესწავლა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ტურისტული პოტენციალის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაში ამბობენ, ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა ექსპედიცია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევას ახორციელებს. მიზანი კი, ნაკლებადცნობილი და ტურისტულად „გაუკვალავი“ სოფლების პოპულარიზაციაა.

„იმისთვის, რომ ატენის და ტანას ხეობის მოსანახულებლად ჩამოსული ტურისტები სხვა სოფლებსაც ეწვიონ, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ექსპედიციამ მუშაობა სოფელ მეჯვრისხევიდან დაიწო და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მეჯვრისხევის მაჟორიტარი დეპუტატის ასმათ ტალახაძის უშუალო დახმარებით შევისწავლეთ აღნიშნულ სოფელში არსებული ტურისტებისთვის საინტერესო ლოკაციები, იტორიული ძეგლები, ხალხური რეწვის ოსტატთა საქმიანობა, საოჯახო მარნები და სასტუმროები. გადაწყდა, შეიქმნას სოფლის ტურისტული გზამკვლევი, რომლის მეშვეობითაც ტურისტებს საშუალება ექნებათ სხვა მარშრუტებთან ერთად, მეჯვრისხევის მარშრუტიც აირჩიონ“, - აცხადებენ ტურიზმის განყოფილებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელშეწყობით, შეხვედრა მოეწყო როგორც სოფლის გამოჩენილ ადამიანებთან, საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან, ასევე მხატვრებთან, საოჯახო სასტუმროების, მარნების და ხალხური რეწვის ოსტატებთან და ა.შ.

ასევე, შეიქმნა ტურისტული გზამკვლევის შემმუშავებელი კომისია, რომლის თავმჯდომარედ ასმათ ტალახაძე აირჩიეს.

კვირის ამბები