უდიდესი ქრისტიანული საუფლო დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება და ბევრი დიასახლისი უკვე იჭერს თადარიგს აღდგომის განუყოფელი ნაწილის, პასკის მოსამზადებლად.
GMnews მოგიყვებათ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს და საიდან მოდის სააღდგომო პასკის ტრადიცია და როგორ მოვამზადოთ პასკა.
პასკას, იგივე ტკბილ პურს იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ და მიირთმევენ. სასულიერო პირთა განმარტებით, პასკა არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასკა, აგრეთვე, აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოსთან ასოცირდება. ვინაიდან უფალი ამბობს: „მე ვარ პური ზეცით გადმოსული“.
აღდგომის დღესასწაული პასკის გარეშე წარმოუდგენელია და ბევრ ოჯახში, მისი ცხობის ტრადიცია უკვე წლებია დამკვიდრდა.
გთავაზობთ კლასიკური პასკის ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს :
ინგრედიენტები:
• 500 მლ. რძე
• 500 გრ. შაქარი
• 2 ს/კ არაჟანი
• 8 ცალი კვერცხი
• 500 გრ. კარაქი
• 250 გრ. ქიშმიში
• ჩ/კ მარილი
• კგ. ფქვილი
• ს/კ მშრალი საფუარი
• ს/კ დაფქული ჯავზი/მუსკატი
• ს/კ დაფქული ილი(კარდამონი)
• 1⁄4 ს/კ დაფქული კოჭა
• 1⁄2 ჭიქა ზეთი
პასკის მომზადების ეტაპები:
• აურიეთ ცოტაოდენი ფქვილი საფუართან ერთად, დაამატეთ თბილი რძე (რომელშიც 2 ჩ/კ შაქარი იქნება გახსნილი) და თანდათანობით შეურიეთ ფქვილი ისე, რომ მიიღოთ დაახლოებით არაჟნის სისქის ცომი. დააფარეთ ჭურჭელს და შეინახეთ.
• ცალკე ათქვიფეთ კარაქი, მარილი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხები, არაჟანი და სუნელები;
• როცა ცომი ამოვა, შეურიეთ კარაქის ნაზავი და დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი;
• ცომი თბილ ადგილას მოათავსეთ და დაელოდეთ, რომ აფუვდეს. როდესაც ამოვა, ხელები ზეთით დაისველეთ და ჩაზილეთ. ეს პროცესი ორჯერ გაიმეორეთ და შემდეგ ისევ აცადეთ, რომ ამოფუვდეს;
• როდესაც ის მესამეჯერ აფუვდება, დაუმატეთ ქიშმიში და გადაიტანეთ ფორმებში. თუ გინდათ, რომ ქიშმიში თანაბრად იყოს პასკაში განაწილებული, სანამ ცომს დაუმატებთ, გარეცხეთ, გაამშრალეთ და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ; (ფორმებს შიგნიდან პერგამენტი უნდა შემოახვიოთ). ცომი ფორმების მხოლოდ 2/3 უნდა ფარავდეს.
• შემდეგ ცომი კვლავ თბილ ადგილას დადგით და დააცადეთ ფორმებშივე აფუვდეს. როცა ცომი ამოვა, გადაიტანეთ ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე.