ატენისა და თეძამის ხეობების პერსპექტივებისა და სამომავლო განვითარების შესახებ სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს. საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრაზე კავკასიის ბუნების ფონდის (WWF) მიერ მომზადებული პრეზენტაცია მოეწყო სადაც დეტალურად იყო განხილული ატენისა და თეძამის ხეობის უნიკალური ლანდშაფტი, ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემა და ტურისტული პოტენციალი.
შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისისა (WWF) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლში შერჩეული ტერიტორიების შესწავლა-შეფასების საფუძველზე, დაგეგმილია ალგეთის ეროვნული პარკის გაფართოება (მდინარეების თეძამის და კავთურას ხეობების ზემო ნაწილში, დაახლოებით 10 000 ჰა ფართობ ტერიტორიაზე), ხოლო გორის მუნიციპალიტეტში, 11080 ჰექტარზე ატენის აღკვეთილის დაარსება.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება აღნიშნულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვას, აღდგენას და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას უზრუნველყობს. ამასთან, ხელს შეუწყობს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობებისა და სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მზადაა კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს სამუშაო პროცესში და ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან რათა აღნიშნული ტერიტორიებისთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტა და შემდგომი განვითარება შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.