საზოგადოება
08.04.2022 11:34
რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა, ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შპს „პსპ ფარმასთან“, სს „გეფასთან“, შპს „იმპექსფარმთან“ და შპს „ავერსი-ფარმასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა მოაწერეს ხელი.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ამ ფორმით, დასაფინანსებელ ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, დახმარების მიმღებთათვის მედიკამენტების მიწოდების უზრუნველყოფას ყოველდღიური შეღავათიანი ტარიფებით.

,,სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით რეგიონის სამმა მუნიციპალიტეტმა ფარმაცევტულ კომპანიებთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, მერიების სოციალური პაკეტებით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება ექნება კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლებით შეიძინონ საჭირო მედიკამენტები. გარდა ამისა, პრემიერის ინიციატივით, თურქეთიდან შემოსული 45-მდე მედიკამენტის ყიდვა მოსახლეობას საგრძნობლად დაბალ ფასში შეუძლიათ შეიძინონ“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მერიის მიერ მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარები, აფთიაქების ქსელში ფასდაკლების უპირატესობით არ სარგებლობდნენ.
კვირის ამბები