შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში, 6-7 აპრილს გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
შეჯიბრება ტრადიციული სახისაა და უკვე მეექვსედ ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ახალგაზრდა ფალავნები პირველობას ეცილებიან.
გამარჯვებულების გამოვლენის, შესაბამისი მედლებისა და სიგელების გადაცემის პროცესში აქტიურად იყო ჩართული გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. შეგახსენებთ, რომ გორის მერი სწორედ გიორგი ხინჩეგაშვილის შვილია. ცნობისთვის, გიორგი ხინჩეგაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონისა და კიდევ არაერთი ტიტულის მფლობელი გახლდათ.
„6-7 აპრილს, გორში ჩატარდა გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის რიგით მეექვსე მემორიალური ტურნირი. ამ ტრადიციადქცეულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. უნდა ითქვას, რომ ეს ტურნირი ყოველთვის გამოირჩევა მონაწილეების სიმრავლით, წლევანდელ შეჯიბრებაში 260 მოჭიდავე ჩაერთო, რაც ვფიქრობ აღსანიშნავია.
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს და მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის სპორტსმენებისთვის როგორც გამოცდილების მიღების, ასევე, ტექნიკის დახვეწის თვალსაზრისით“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ცნობისთვის, ტურნირში მონაწილეობას უმცროსი ასაკის მოჭიდავეები იღებდნენ. ასპარეზობა ვაჟებს შორის 11, ხოლო გოგონებს შორის 2 წონით კატეგორიაში გაიმართა.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებიც გადაეცათ.