საზოგადოება
08.04.2022 10:09
სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებთათვის, გორის მერია კიდევ ერთ პროექტს დააფინანსებს

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ჭრა-კერვა-მოდელირების კურსებს დააფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში, ხელსაქმეს სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლები სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლიან.

აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯები განვითარებისათვის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ურთიერთშეთანხმების მიხედვით, სწავლების საფასურს სრულად აანაზღაურებს გორის მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია  „ნაბიჯი განვითარებისათვის.“

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს (კვირაში 2 დღე, დღეში 3 სთ) გასტანს.

როგორც ცნობილია, მსმენელები ჭრა-კერვის კურსის პარალელურად სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ფონდების მოძიების ტრენინგებსაც გაივლიან. ამასთან, ტრენერის კონსულტაციების შედეგად, საინტერესო იდეების გარშემო მომზადდება ბიზნესგეგმები.

პროექტი „სოციალურად დაუცველი ქალების დასაქმება სწავლების გზით“ ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მსურველების რეგისტრაცია 10 აპრილამდე გაგრძელდება.

 

კვირის ამბები