საზოგადოება
07.04.2022 13:12
11 აპრილიდან გარკვეული მედიკამენტების შეძენას რეცეპტის გარეშე ვეღარ შეძლებთ, სად გამოგიწერენ რეცეპტს და რომელ მედიკამენტებს ეხება ახალი რეგულაცია

11 აპრილიდან, მოქალაქეები გარკვეული მედიკამენტების შეძენას რეცეპტის გარეშე ვეღარ შეძლებენ. რა ტიპის მედიკამენტებზე გავრცელდება ახალი რეგულაცია და როგორ უნდა მოიქცეს პირი - ამ საკითხების გასარკვევად, „გორის მაცნე“ „გორმედის“ პოლიკლინიკურ დეპარტამენტს დაუკავშირდა.

როგორც თერაპევტი ნინო ეძგვერაძე განმარტავს, დამატებით დეტალებთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს 11 აპრილამდე მიიღებენ.

„მოგეხსენებათ, ახალი რეგულაციის თანახმად, 11 აპრილიდან მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ რეცეპტის გარეშე გარკვეული მედიკამენტების შეძენას. რეცეპტების გამოწერა მოხდება ექიმის მიერ ელექტრონულად და მხოლოდ აღნიშნული ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე შეძლებს პაციენტი მისთვის საჭირო წამლის შეძენას. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ექიმთან ვიზიტის გარეშე მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ გარკვეული მედიკამენტების შეძენას. ვფიქრობ, ახალი რეგულაცია გარკვეულ ბარიერებს შეუქმნის იმ ადამიანებს, ვინც, მაგალითად, ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტის განხორციელებას. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სოფლად მცხოვრები პირები ქალაქში წამოსულ ახლობლებს სთხოვენ აფთიაქში ამა თუ იმ წამლის შეძენას, რასაც რეცეპტის გარეშე ასევე ვეღარ შეძლებენ. რაც შეეხება იმას, რომელ მედიკამენტებს ეხება სავალდებულო რეცეპტი, აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მივიღებთ შესაბამის ჩამონათვალს“, - განაცხადა „გორმედის“ პოლიკლინიკური დეპარტამენტის ოჯახის ექიმმა ნინო ეძგვერაძემ.

ცნობისთვის, საჭირო მედიკამენტის რეცეპტის მისაღებად საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეს შეუძლია მიმართოს იმ კლინიკის ოჯახის ექიმს, სადაც რეგისტრირებულია, ან, კერძო დაზღვევის შემთხვევაში - პირად ექიმს.

კვირის ამბები