ყოველი წლის 7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. აღნიშნული თარიღის კალენდარზე მონიშვნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 1948 წლის 7 აპრილს უკავშირდება.
კამპანია მიზნად ისახავს ყოველწლიურად ჯანმრთელობის ერთი კონკრეტული თემის ან საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ყურადღების გამახვილებას გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან ასპექტებზე.
2022 წელს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე იმართება დევიზით - „ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა“.
„ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტია. საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და 20-ზე მეტი სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც ფარავს ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ფართო სპექტრს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სქემებით მოცულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი“, - აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.