წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს (განსაკუთრებულად იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია) 24საათიან რეჟიმში განახორციელებს.
წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, საჯარიმო თანხას ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია). უწყების შესაბამისი რეგიონული სამმართველომს წარმომადგენლები კი, რეაგირებას მყისიერად მოახდენენ“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.