საზოგადოება
06.04.2022 10:36
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გორს სტუმრობდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გორს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ელჩსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

რეგიონის გუბერნატორი, ვალერიან მჭედლიძე და მუნიციპალიტეტის პირველი პირები - გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამერიკელ დიპლომატს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდნენ.

შეხვედრისას მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადი მდგომარეობა განიხილეს და იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც მიმდინარე წელს ქალაქისა და სოფლების ტერიტორიაზე განხორციელდება. კელი დეგნანმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სოფლის მეურნეობის და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმართ. ელჩმა ცალსახად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, კელი დეგნანი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებითაც დაინტერესდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს ყველა იმ პროექტისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკის ელჩი გორის საჯარო ბიბლიოთეკაში განთავსებულ „ამერიკის კუთხეს“ ესტუმრა და პედაგოგებსა და ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. დიპლომატმა განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების, არსებული სირთულეებისა და ახალგაზრდების ინტერესების შესახებ გორელი მოზარდებისგან მიიღო ინფორმაცია.

კვირის ამბები