გორის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრა. აუდიენცია ამერიკისა და საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
ასოციაციის თავმჯდომარემ მარი მღებრიშვილმა ელჩთან ორგანიზაციის ამჟამინდელი პრიორიტეტები განიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ამერიკელი დიპლომატი „საზოგადოება ბილიკის“ პროგრამებს გაეცნო, დაათვალიერა ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა, ასევე მიიღო ინფორმაცია „საზოგადოება ბილიკისა“ და მშვიდობის კორპუსის თანამშრომლობის შესახებ. ამერიკის ელჩს შეხვდნენ ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებმაც ამერიკელი მოხალისეების როლზე გაამახვილეს ყურადღება და ისაუბრეს ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე“, - აცხადებენ „საზოგადოება ბილიკში“.
გორში სტუმრობისას, კელი დეგნანმა ორგანიზაციაში არსებული ხელგარჯილობის სტუდია დაათვალიერა, შემდეგ კი, პედაგოგთან და მოსწავლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ხელნაკეთი თოჯინას დამზადებაში. შეხვედრის დასასრულს, „საზოგადოება ბილიკის“ სახელით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელჩს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.