05.04.2022 16:08
როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყავა ფალსიფიცირებულისგან
ადამიანების უმრავლესობა დღის აქტიურ პერიოდს ყავით იწყებს. ყავის მომხმარებელთა უმრავლესობის მოსაზრებით, მიზეზი კოფეინია, რომელიც ამაღლებს განწყობას და შრომისუნარიანობის ხარისხს. ყავის დალევის შემდეგ ორგანიზმი უფრო მეტად „ფხიზლდება“. გარდა ამისა, ყავა გამოირჩევა მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით და შეიცავს უამრავი სახის ვიტამინს. თუმცა, როდესაც მის სასარგებლო თვისებებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, შეძენისას, პირველ რიგში, მისი ხარისხი გავითვალისწინოთ.
„გორის მაცნე“ გასწავლით, როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილი ყავა ფალსიფიცირებულისგან.
დაფქვილი და მარცვლეული ყავის შემოწმების ხერხი ერთნაირია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ნაწილი დაფქვილ ყავას არ ენდობა და დარწმუნებულია, რომ მარცვლის შეძენის შემთხვევაში ხარისხიან ყავას მიირთმევს, ეს ასე არ არის.
ყავის შემოწმება შემდეგნაირად ხდება: უნდა აიღოთ ერთი კოვზი დაფქვილი ან მარცვეული ყავა და ცივ წყალში ჩაყაროთ. თუ ყავა ჩაიძირა და წყალი არ გაფერადდა, ამ შემთხვევაში ყავა ნამდვილია. როდესაც დაფქვილ ან მარცვლეულ ყავას ცივ წყალში ათავსებთ და ის იწყებს ჩაძირვას, წყალი კი გაფერადებას, საქმე გაქვთ ფალსიფიცირებულ ყავასთან.
რაც შეეხება ხსნად ყავას, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. ძნელია გაარჩიო ნატურალური ფალსიფიცირებულისგან, თუმცა, არსებობს ერთი რჩევა - ხსნადი ყავა არ უნდა იყოს იგივე წონის მარცვლეულ ყავაზე იაფი.