ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგისტრაციის პირველადი სტატისტიკა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი.
შეგახსენებთ, რომ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
ასევე, 14 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge