კონფლიქტები
05.04.2022 15:49
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს იგეგმება.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. არჩევნების მონიტორინგისთვის ცხინვალში საერთაშორისო დამკვირვებლებს ელიან.

„ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში, როგორიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნებია, საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა აამაღლებს რესპუბლიკის იმიჯს და მიანიჭებს დიდ ლეგიტიმურობას პოლიტიკურ პროცესებსა და ინსტიტუტებს“, - აღნიშნულია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებზე  დამკვირვებლებს ელიან რუსეთიდან, ოკუპირებული დონბასიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ასევე ავსტრიიდან, ვენესუელადან, გერმანიიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ნიკარაგუადან, თურქეთიდან და ფინეთიდან.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, წარდგენილი 17 განაცხადიდან, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ 5 კანდიდატი დაარეგისტრირა: ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, დე ფაქტო საპარლამენტო ფრაქციის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი გარი მულდაროვი და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ პლიევი. მოხსნილი კანდიდატებიდან ხუთმა მათგანმა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, შედეგი არ შეცვლილა.

დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველის, ანატოლი ბიბილოვის მთავარ კონკურენტად თავდაპირველად მოიაზრებოდა ასევე დე ფაქტო ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, თუმცა, კოკოითს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა დე ფაქტო რესპუბლიკაში მუდმივი საცხოვრებელი ცენზის დარღვევის გამო. 

შეგახსენებთ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაც გეგმება.

კვირის ამბები