„ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა, მალევე მოხდება მათი განაწილება და „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, არსებული მარაგების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ზაფხულის შუა რიცხვებამდე აცრის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულზე - 65%-ზე ავიდეს.
„ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები დღეს ჩამოვიდა საქართველოში, მალევე მოხდება მათი განაწილება და „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება. ერთი მილიონი „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა. დღეს კი, პირველი შემოტანა 25%-ია. ამ ეტაპზე, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინის არსებული მარაგების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მივაღწიოთ სამიზნე მაჩვენებელს - 65%-ს ზაფხულის შუა რიცხვებამდე.
წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე გრძელდება. შეგახსენებთ, 200 ლარით წახალისება მოქმედებს პირველ და მეორე აცრაზე, 100 ლარი კი „ბუსტერ“ დოზაზე”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში დღეს მოქმედი პროტოკოლით, ვაქცინაციის ასაკი არის 12 წლიდან ზემოთ. რაც შეეხება ხუთიდან თორმეტ წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდირებულია განსხვავებული ვაქცინა, რომელზეც არის მოთხოვნა, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში და შესაბამისად, აღნიშნული ვაქცინის მოწოდება საქართველოში მოგვიანებით იგეგმება.