11 აპრილიდან მოქალაქეები ექიმის გამოწერილი მედიკამენტებიდან სასურველს აფთიაქში თავად შეარჩევენ
11 აპრილიდან, ყველა ექიმი ვალდებულია, მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ გენერიკული მედიკამენტების სიიდან, ფარმაცევტი მომხმარებელს სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. აღნიშნული სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.
ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს, კომიტეტის წარმომადგენლებსა და სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს უკვე გააცნო. ჯანდაცვის კომიტეტმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
11 აპრილიდან, ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.