შიდა ქართლის გუბერნატორი, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა. თენგიზ ნასარიძემ შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა განიხილა.
სამუშაო შეხვედრაზე შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები. ამასთან, საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია უახლოეს მომავალში, შიდა ქართლში გეგმავს.
„ამ დროისთვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 4000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 3 240 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება“, - აღინიშნა შეხვედრაზე.