საზოგადოება
04.04.2022 14:31
2008 წელს გაყიდული საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით, ზეღდულეთელები მორიგ აქციას მართავენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ნაწილი 2008 წელს გაყიდული საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით მორიგ აქციას მართავს.

სოფლის კუთვნილი 75 ჰა. საძოვარი ფართობები 2008 წელს გაიყიდა საქართველოს მოქალაქეზე, რომელმაც მალევე მიწის ფართობი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასხვისა, აღნიშნული სავარგულები გასულ წელს კიდევ ერთხელ გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ ზეღდულეთის მაცხოვრებლებმა საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს. იანვარში გამართული რამდენიმედღიანი აქციის ფონზე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, მიწის ამჟამინდელმა მესაკუთრემ მზადყოფნა გამოთქვა, ზეღდულეთში მდებარე სადაო ფართობის 30 ჰექტარი სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაეცა სოფლისთვის, თუმცა, სოფლის მოსახლეობის ნაწილისთვის ეს წინადადებაც მიუღებელი აღმოჩნდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ სოფელს სრულად არ დაუბრუნდება წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობები, მის ამჟამინდელ მეპატრონეს კვლავ არ მისცემენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების საშუალებას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოფლის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ზეღდულეთისთვის საძოვარი ფართობების დაბრუნების მოთხოვნით რამდენჯერმე გამართა საპროტესტო აქცია.

კვირის ამბები