საზოგადოება
04.04.2022 12:20
მოვიძიებთ შესაბამის თანხებს იმისთვის, რომ მიმდინარე წელს დაფინანსდეს გორის თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან, გიორგი ბოცვაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია.

მინისტრმა თეატრის შენობა დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა თეატრის ხელმძღვანელობასა და სამსახიობო დასთანაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ უმძიმესი ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც გორის თეატრის წინაშე დგას, კულტურის სამინისტრო მოიძიებს შესაბამის თანხებს და ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ მიმდინარე წელს დააფინანსოს გორის თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა. მომდევნო წლებში კი, ზემოხსენებული პროექტის შესაბამისად,

უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრის შენობის გადასარჩენად განხორციელდება რეაბილიტაცია.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილი გახდა, მინისტრმა ისაუბრა თეატრის შემოქმედებით პროცესზეც და აღნიშნა, რომ გორის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამინისტროსგან  სრული ნდობა აქვს გამოცხადებული.

„რასაკვირველია, ჩვენ გამოვიყენებთ აქ არსებულ შემოქმედებით-საკადრო რესურსს, მიუხედავად ასაკისა და ეს თეატრი ღია დარჩება ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი იქნება არა ასაკი, არამედ ნიჭი და ის სერიოზულობა, რომლითაც თითოეული შემოქმედი ადამიანი უდგება ქართული თეატრის განვითარებას და იმ დიდი ტრადიციების შენარჩუნებას, რომელიც გორის თეატრში არსებობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

კვირის ამბები