საზოგადოება
04.04.2022 11:18
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში ელჩად ინიშნება, ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი შეცვლის

ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში, - ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვცილმა განაცხადა. პრემიერ -მინისტრის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაიკავებს.

„ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა 30 წლის განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

კვირის ამბები