საზოგადოება
04.04.2022 11:02
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დაიღუპა 161 და დაიჭრა 264 ბავშვი, რეალური ციფრების დაზუსტება კი ჯერ ვერ ხერხდება

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ფართომასშტაბიანი ომის წარმოებისას, დაიღუპა 161 და დაიჭრა 264 ბავშვი, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, რეალური სურათის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება.

„ამ დროის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 425-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა, რომელთაგან 161 არასრულწლოვანი დაიღუპა და 264 - დაშავდა. მაგრამ ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რეალური ციფრების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ჯერ ვერ ხერხდება“, - აღნიშნავენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

რაც შეხება მსხვერპლის ოდენობას ზრდასრულ მშვიდობიან მოსახლეობაში, დაუზუსტებელია აღნიშნული ციფრებიც.

ცნობისთვის, მხოლოდ 3 აპრილს, უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ რაც ქალაქი რუსულმა საჯარისო დანაყოფებმა დატოვეს, მშვიდობიან მცხოვრებთა 280-მდე ცხედარი იპოვეს. ასევე, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იქნა აღმოჩენილი.

გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ამ დროისთვის, ჯერჯერობით მხოლოდ 140 ცხედარია იდენტიფიცირებული.

კვირის ამბები