სამართალი
19.12.2019 12:08
გორში, ჭალის დასახლებაში დაჭრილ ახალგაზრდას სხეულზე 5 დაზიანება აღენიშნება

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წუხელ, გვიან ღამით გორში დაჭრეს, კვლავ საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარში რჩება. შემთხვევა ჭალის დასახლებაში, იმ კორპუსის სიახლოვეს მოხდა, სადაც დაზარალებული ქირით ცხოვრობს. დაჭრილის ახლობლების თქმით, იური ბითაროვი ოკუპირებული ლიახვის ხეობიდან, სოფელ ბელოთიდან დევნილია. ,,ვერაფერს გეტყვით მომხდარის შესახებ, დეტალებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უზომოდ წესიერი და უწყინარი ახალგაზრდაა, არასდროს არავისთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, დღიურ სამუშაოზე მუშაობს, ჭალის დასახლებაში ქირით ცხოვრობს, რა მოხდა, არ ვიცით, არც იმის ვინაობაა ჩვენთვის ცნობილი, ვინც დაზიანებები მიაყენა“, - განაცხადა დაზარალებულის ნათესავმა გიორგი წიქარიძემ.

,,გორმედში“ აცხადებენ, რომ დამატებითი კვლევების ჩატარების შემდგომ, შესაძლოა, პაციენტმა დღეს სტაციონარი დატოვოს. ,,პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა, ამ ეტაპზე დამატებითი კველევები უტარდება და იმ შემთხვევაში, თუ პასუხები კარგი იქნება, შესაძლოა, დღეს სტაციონარი დატოვოს და ბინაზე გაეწეროს. ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე 5 დაზიანება აღენიშნება გულმკერდის, მტევნის და ბარძაყის არეში, არცერთი ჭრილობა შემავალი არ არის“, - განაცხადა ,,გორის მაცნესთან“ ექიმმა ვიტალი სავანელმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კვირის ამბები