სპორტი
04.04.2022 10:32
2022 წლის იანვრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტს 16 099 ვიზიტორი ეწვია
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 6 674 ვიზიტორი ეწვია. რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, სააგენტოს ინფორმაციით, გასული სამი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 16 099 დამთვალიერებელი სტუმრობდა, რომელთაგან 13 203 უცხოელი გახლდათ.
„შიდა ტურიზმისა და კოვიდ პანდემიის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი მარტის განმავლობაში 6 674-მა ტურისტმა გამოთქვა. 4 968 ვიზიტორს ვუმასპინძლეთ იანვარში, თებერვალში კი, 4 457 ტურისტი გვეწვია. შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 2 896 მათგანი გახლდათ“, - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ტურისტული სეზონი აქტიურად ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატებასთან ერთად ვარაუდობენ.
კვირის ამბები