სპორტი
04.04.2022 09:06
პეტრიაშვილის ვერცხლი და ბუჯიაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

გორელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა გენო პეტრიაშვილმა და ბექა ბუჯიაშვილმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბუდაპეშტში გამართულ კონტინენტის უმთავრეს შეჯიბრებაზე, სამი გორელი მოჭიდავე მონაწილეობდა. თემურ ვანიშვილმა (61 კგ.) მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით, პირველივე შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია და უმედლოდ დარჩა. ბუჯიაშვილმა და პეტრიაშვილმა კი კვარცხლბეკზე დაასრულეს ჩემპიონატი.

გენო პეტრიაშვილისგან გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ელის და ამჯერადაც, ის ფავორიტად მიიჩნეოდა თურქ ტაჰა აკგულთან ერთად. ეს უკანასკნელი გორელი ფალავნის ტრადიციული მეტოქეა და განსაკუთრებით წარმატებით სწორედ ევროპის ჩემპიონატებზე გამოდის (უკვე 9-გზის ჩემპიონია).

გენომ ფინალისკენ სავალ გზაზე იტალიელი და პოლონელი მოწინააღმდეგეები ჩამოიცილა, ტაჰამ კი სერბი და უნგრელი მეტოქენი. ფინალში მათი ჭიდილი თურქის მიერ მოპოვებული ქულებით დაიწყო და მართალია, მერე პეტრიაშვილმაც ერთხანს ხელთ იგდო ინიციატივა, მაგრამ დაპირისპირება საბოლოოდ მაინც აკგულის გამარჯვებით დასრულდა - 5:2.

სუფთად - 11:0 იმარჯვა ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ.) თავის პირველივე პაექრობაში. შემდეგ დამარცხდა მომდევნო მეტოქესთან და ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლა წარმატებით დაასრულა.

საგულისხმოა, რომ გენო პეტრიაშვილისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეცხე (!) მედალი იყო, ბუჯიაშვილისთვის კი, ჯერჯერობით - პირველი.

კვირის ამბები