სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანია, დადგინდეს, თუ რას ეფუძნება კანონში ჩანაწერი, რომ ბავშვი 1-ელ კლასში მისვლისას, სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) 6 წლის უნდა იყოს. ჩანაწერის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„საკითხი შესწავლის პროცესშია, რადგან მშობლების, ჩვენი დეპუტატებისა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ზოგი ამჟამად მოქმედ ვარიანტს ემხრობა, ზოგს უნდა, რომ დავწიოთ ასაკი. ძალიან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ. გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, კონსულტაციების ფარგლებში ვმუშაობთ და ვუსმენთ ფსიქოლოგებს, აღმზრდელებს მეთოდისტებს, თუ რას ეფუძნება კანონში ჩანაწერი, რომ ბავშვი 1-ელ კლასში მისვლისას, სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) უნდა იყოს 6 წლის, რამდენად შეიძლება, ეს ასაკი გადავწიოთ ან გადმოვწიოთ. პარალელურად, ვმუშაობთ სამინისტროსთან სკოლებში ადგილების რაოდენობაზეც. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ სწორი ასაკი დადგინდეს. ეს თუ შეიცვლება, არ იყოს სამინისტროს ადმინისტრირების კუთხით პრობლემა. ახლო მომავალში, 2-3 კვირაში რაღაც პოზიციაზე გავალთ“, - განაცხადა განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.