„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“ - ეს, თითქოსდა, უწყინარი ფრაზა ბავშვობის ასაკიდან თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ მოუსმენია. აპრილის პირველ დღეს ნაცნობ-მეგობრების მოტყუებას ყოველთვის გულმოდგინედ ვცდილობთ.
საიდან იღებს სათავეს „პირველი აპრილის“ ტრადიცია? მიუხედავად იმისა, რომ „პირველ აპრილს მოტყუების დღის“ ხალისიანი ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მისი წარმოშობის ადგილი და დრო სამწუხაროდ ზუსტად არავინ იცის.
ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან გავრცელდა. 1508 და 1539 წლების ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ, რომ „სულელების დღეს“ გაშაყირების ტრადიცია სწორედ პირველ აპრილს იყო დამკვიდრებული.
მსოფლიო მასმედიაში გავრცელებული ერთ-ერთი პირველი „ცნობილი“ საპირველაპრილო „ხუმრობა“ 1934 წლით გახლავთ დათარიღებული - ამ წელს „The New York Times“-მა დაბეჭდა მფრინავი კაცის ფოტო, რომელიც ჰაერში საკუთარი სუნთქვით მომუშავე აპარატს ეჭირა. თანმდევი სტატიები აღტაცებით აღწერდნენ ამ არაჩვეულებრივ გამოგონებას. კაცი, რომელიც გაზეთების მტკიცებით, გერმანელი მფრინავი ერიკ კოხერი გახლდათ, მკერდზე მიმაგრებულ ყუთში ჰაერს ბერავდა, რაც ძლიერი შემწოვი ეფექტის შემქმნელ როტორებს ააქტიურებდა. ამ ყველაფრის შედეგად კი ადამიანი ჰაერში იწეოდა. თუმცა ამერიკულმა გაზეთებმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს - მთელი ეს ისტორია უბრალოდ ხუმრობა იყო. აღნიშნული ფოტო პირველად გერმანული გაზეთის „Berliner Illustrirte Zeitung“ საპირველაპრილო ნომერში გამოქვეყნდა. ამერიკაში კი იგი „Hearst“-ის ფოტოგამავრცელებელი საერთაშორისო სააგენტოს წყალობით მოხვდა, რომელიც თავად აღმოჩნდა მოტყუებული.
კიდევ ერთი კურიოზული შემთხვევა მედიაში - 1957 წელს, საკმაოდ ავტორიტეტულმა ახალი ამბების შოუმ „Panorama“ გამოაცხადა, რომ ნაკლებად მკაცრი ზამთრის წყალობით, შვეიცარიელი ფერმერები სპაგეტის ერთი-ორად გაზრდილ მოსავალს იღებდნენ. სიახლის ტექსტს თან ფოტომასალაც ახლდა, სადაც შვეიცარიელი გლეხები სპაგეტის გროვ-გროვად ხსნიდნენ ხეებიდან. ხუმრობამ უამრავი მაყურებელი ჩაითრია. BBC-ის ოფისში ზარები არ წყდებოდა - ყველას აინტერესებდა, თავად როგორ უნდა გაეზარდათ სპაგეტის ხე. მსგავს კითხვებზე BBC დიპლომატიურად პასუხობდა - ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში მოათავსეთ და უკეთესის იმედი გქონდეთო.
2002 წელს ბრიტანულმა სუპერმარკეტმა „Tesco“ ჟურნალ „The Sun“-ში რეკლამა გამოაქვეყნა, რომელიც იუწყებოდა, რომ გაყიდვაში გენეტიკურად მოდიფიცირებული „სასტვენიანი სტაფილოები“ გამოვიდა. რეკლამის მიხედვით, ახალი ჯიშის სტაფილოები სპეციალურად იმგვარად იყვნენ გამოყვანილნი, რომ გაზრდისას ცალ მხარეზე მცირე ხვრელი დარჩენოდათ. ეს ხვრელი კი, დიასახლისს სტაფილოს ბოლომდე მოხარშვას სტვენით შეატყობინებდა. რა თქმა უნდა შედეგმა არ დააყოვნა და „Tesco“-ს ქსელიდან უამრავი იმედგაცრუებული მომხმარებელი სახლში ჩვეულებრივი, მუნჯი სტაფილოებით დაბრუნდა.
მსოფლიოს კიდევ არაერთი ანალოგიური ტყუილი ახსოვს. ქალაქ სან-დიეგოში უზარმაზარი მუზეუმიც არსებობს, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის გამასხრებებს აგროვებს.
საპირველაპრილო ხუმრობების საკითხში მოწოდების სიმაღლეზეა კომპანია Google.
2004 წლის პირველ აპრილს Google-მა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ცენტრის გახსნის შესახებ… მთვარეზე. ცენტრში, სახელად „კოპერნიკი“ ძირითადი სამუშაო ოპერაციული სისტემა იქნებოდა ამავე კომპანიის პროდუქტი „Luna/X“ (პაროდია „Linux“-სა და „Mac OS X“-ის ვიზუალურ სტილზე).
2005 წელს კომპანიამ მსოფლიოს ამცნო, რომ იგი საკუთარი გამაგრილებელი სასმელის - „Google Gulp“-ის გამოშვებას აპირებდა. ამ სასმელის მომხმარებლებს შესამჩნევად გაეზრდებოდათ ინტელექტის კოეფიციენტი, რაც Google-ის საძიებო სისტემისა და სხვა სერვისების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემდათ.
2006 წელს Google-მა განაცხადა, რომ ახალი სერვისის - „Google Romance“-ის ჩაშვებას აპირებდა. მას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა პაემნების პრობლემა - ამ საძიებო სისტემის საშუალებით ნებისმიერს შეეძლო კონტექსტურად ამოერჩია სასურველი წყვილი და მასთან ერთად წასულიყო პაემანზე.
2008 წელს Google-მა Gmail-ის მომხმარებლებს ახალი სერვისი - „Gmail Paper“ შესთავაზა. Gmail-ის ყველა მომხმარებელს შეეძლო საკუთარი იმეილები ნამდვილ ფურცელზე ამობეჭდილი მიეღო სახლში. და ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ! საკმარისი იყო, უბრალოდ მოგენიშნათ სასურველი წერილები და მათ რამდენიმე დღეში კურიერი მოგართმევდათ.