ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების 2022 წლის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქეებს გორის მერიაში განაცხადების წარდგენა უკვე შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, მერია, მოქალაქეებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს - პროგრამის ფარგლებში ინიცირებული პროექტების ღირებულების 90 %-ს სწორედ გორის მერია აფინანსებს.
„მიმდინარე წელს პროგრამაში სიახლეა - ამხანაგობებსა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებებს თანადაფინანსების მისაღებად, 6 პრიორიტეტულ მიმართულებაზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა აღარ მოუწევთ. აღნიშნულ დოკუმენტაციის მომზადებას გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. ასეთი პროექტებია: შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები; სახურავის რეაბილიტაცია (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი); სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; სადარბაზოების რეაბილიტაცია; ეზოების კეთილმოწყობა; საბავშვო მოედნების მოწყობა.
პროგრამის მიხედვით, გარკვეული კატეგორიის პროექტებისთვის (შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოსაწყობად, ლიფტისა და ფასადის რეაბილიტაციისთვის) თანადაფინანსების მისაღებად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მრავალსართულიანი კორპუსების ამხანაგობებსა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებები მოამზადებენ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.